თუ ფიქრობთ, რომ მოზარდს არაფერი აინტერესებს... როგორ დავეხმაროთ მას ინტერესების აღმოჩენაში?

მოზარდობა კრიტიკული პერიოდია თვითშემეცნებისთვის. კვლევების თანახმად, მოზარდების დაახლოებით 30% განიცდის სირთულეებს საკუთარი ინტერესების იდენტიფიცირების თვალსაზრისით. ეს შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული, როგორიცაა წარუმატებლობის შიში, სხვადასხვა გამოცდილებასთან შეხების ნაკლებობა, ან უბრალოდ გაურკვევლობისა და ძიების პერიოდი, რაც ამ ასაკის ბუნებრივი მახასიათებელია. მოზარდის ინტერესების აღმოჩენა და განვითარება არა მხოლოდ ჰობის ან მომავალი პროფესიის არჩევისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მისი ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვისაც. კვლევები ადასტურებს, რომ ინტერესების და გატაცებების აღმოჩენა პირდაპირ უკავშირდება პოზიტიური იდენტობის ფორმირებას, თვითეფექტურობის გაზრდილ განცდას და დეპრესიის შემცირებულ რისკს მოზარდობის პერიოდში.
ქვემოთ მოცემულია მტკიცებულებებზე დაფუძნებული რამდენიმე სტრატეგია, რომელთა გამოყენებითაც მშობლებს შეუძლიათ მოზარდებს საკუთარი გატაცებების აღმოჩენაში დაეხმარონ:
- წაახალისეთ ძიების პროცესი: მიეცით მოზარდს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის საშუალება. კვლევები აჩვენებს, რომ მოკლევადიანი (2-3 კვირიანი) საცდელი პერიოდები სხვადასხვა აქტივობისთვის, იქნება ეს სპორტი, ხელოვნება, მუსიკა თუ მოხალისეობრივი საქმიანობა, ძალიან ეფექტურია და ეხმარებათ მოზარდებს იმის აღმოჩენაში, თუ რა არის მათ პიროვნებასთან ახლოს და რა აღძრავს მათში ცნობისმოყვარეობას.
- ხელი შეუწყვეთ ავტონომიურობის განვითარებას: მიეცით მოზარდს საშუალება შეთავაზებული აქტივობებიდან თავად აირჩიოს სასურველი. როდესაც მოზარდებს არჩევანის თავისუფლებას აძლევენ, ისინი უფრო აქტიურად ერთვებიან და სწავლის პროცესისგან მეტ სიამოვნებას იღებენ.
- იმსჯელეთ მის ღირებულებებზე: ინტერესების აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმის გაცნობიერებაა, თუ რა არის პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული. მაგალითად, თუ მოზარდისთვის მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობა, იგი შეიძლება დაინტერესდეს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მოხალისეობრივი საქმიანობით ან აქტივიზმით.
- გამოიყენეთ ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული მიდგომა: კვლევები აჩვენებს, რომ ინტერესების აღმოჩენა უფრო წარმატებულია მაშინ, როდესაც მათ მოზარდის ძლიერ მხარეებთან აქვთ კავშირი. მაგალითად, თუ მოზარდს კარგი ანალიტიკური აზროვნება აქვს, შეიძლება წაახალისოთ პროგრამირების, ჭადრაკის ან სხვა ლოგიკურ აზროვნებასთან დაკავშირებული აქტივობების მოსინჯვა.
- იყავით მომთმენი და მხარდამჭერი: გახსოვდეთ, რომ გატაცებების აღმოჩენა პროცესი უფროა, ვიდრე ერთჯერადი მოვლენა, რომელიც დროს, მოთმინებას და ემოციურ მხარდაჭერას მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ მაშინაც კი, როცა ინტერესი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება, გახსოვდეთ, რომ იგი მაინც დადებითად აისახება მოზარდის ზოგად განვითარებასა და თვითცნობიერებაზე.
Tell us what you think