ზოგადი რეკომენდაციები მომატებული შფოთვის მქონე ბავშვებთან მუშაობისას

boy-using-different-gadgets-home-little-model-with-smart-watches-smartphone-tablet-headphones-making-selfie-chating-gaming-watching-videos-interaction-kids-modern-technologies (1)

საუბარი: პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ხმამაღლა ესაუბროთ ბავშვს მისი შფოთვებისა და განცდების შესახებ. დაარწმუნეთ და აჩვენეთ, რომ მისი გესმით. უფროსი ასაკის ბავშვებთან შეგიძლიათ ისაუბროთ შფოთვის, როგორც მდგომარეობის რაობაზე და მის თანმდევ ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე , როგორებიცაა მაგალითად გახშირებული გულისცემა, ჰაერის უკმარისობა, განგაშის შეგრძნება, სხეულის დაჭიმულობა, შეცივნება, ოფლიანობა და სხვ. 
გამოიჩინეთ თანაგრძნობა: როდესაც ბავშვი მოცულია შფოთვის გამომწვევი აზრებით, მას უჭირს ყოველდღიური აქტივობების შესრულება, თუნდაც ეს იყოს ძალიან სახალისო თამაში. აჩვენეთ ბავშვს, რომ თქვენ გესმით მისი განცდების, რომ ის მარტო არაა და ეცდებით დაეხმაროთ. 
შექმენით ადეკვატური მოლოდინები: ნუ ეცდებით ბავშვის მიმართ ისეთი მოლოდინების დაწესებას, რომელიც მისგან მოითხოვს ყველაფრის უნაკლოდ შესრულებას, რათა მარცხის შემთხვევაში არ გაუჩნდეს განცდა, რომ ამით ღირსებას ან თქვენს პატივისცემას დაკარგავს. 
დაყავით შესასრულებელი დავალება მცირე ნაწილებად: მომატებული შფოთვის მქონე ბავშვებს უჭირთ ყურადღების ხანგრძლივად შენარჩუნება ერთსა და იმავე დავალებაზე ან დავალებას აღიქვამენ ზედმეტად რთულად. დაეხმარეთ დავალების მცირე საფეხურებად დაყოფაში. მცირე დავალებების ეტაპობრივად შესრულება გაზრდის თვით-კომპეტენტურობის განცდას და შეამცირებს შფოთვას. 
მოიხმეთ ფაქტები: შფოთვის მქონე ბავშვები ხშირად წარმოიდგენენ სიტუაციიის განვითარების ყველაზე უარესს სცენარს. თქვენ შეგიძლიათ გააქარწყლოთ ეს აზრები და შეახსენოთ რეალური ფაქტები, რომლებიც მის შიშს აბათილებს. მაგალითად, გაახსენეთ ბოლო შემთხვევა, როდესაც მსგავს სიტუაციას გაუმკლავდა და ყველაფერი იმაზე უკეთ დასრულდა, ვიდრე თავად ვარაუდობდა. 
ღიად ესაუბრეთ: ხშირად ბავშვებს აქვთ შფოთვა ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ინფორმაცია სატელევიზიო გადაცემებიდან აქვთ, მაგალითად ომი, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა.   ამ საკითხების შესახებ კითხვების არსებობა, ნორმალურია და ეცადეთ არ აარიდოთ თავი პასუხის გაცემას. უპასუხეთ გულწრფელად და მიაწოდეთ ინფორმაცია მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. მოერიდეთ ფაქტების როგორც  ზედმეტად შელამაზებას, ისე დამძიმებას. ამავე დროს, ხაზი გაუსვით ყველა იმ უსაფრთხო ზომას, რომელსაც იღებენ შესაბამისი სტრუქტურები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 
წაახალისეთ ახალ აქტივობაში ჩართვის ნებისმიერი მცდელობა: შფოთვის მქონე ბავშვები როგორც წესი ღელავენ შესაძლო შეცდომებზე და იმაზე, რომ ყველაფერი იდეალურად არ გამოუვათ. წარუმატებლობის შიშის გამო, ისინი ხშირად თავს არიდებენ გარკვეულ სიტუაციებს და აქტივობებს. წაახალისეთ მათი ჩართულობა მათთვის ახალ, საინტერესო აქტივობებში და შეაქეთ მცდელობისა და გამოვლენილი ძალისხმევისთვის. 
მიეცით მაგალითი: ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უბრალოდ შეწყვიტონ ღელვა - მიეცით მაგალითი თავად. როდესაც სტრესს ან შფოთვას განიცდით, გაახმოვანეთ საკუთარი ემოციური მდგომარეობა და აჩვენეთ როგორ უმკლავდებით მას. 
აკონტროლეთ საკუთარი ქცევა: ბავშვები უფროსებზე დაკვირვებით სწავლობენ. ბავშვის მიმართ ზემზრუნველობის გამოჩენა, აფიქრებინებს მას, რომ სამყარო ნამდვილად საშიში ადგილია, სადაც ყველაფერს შეუძლია ზიანის მოტანა და სადაც ბავშვი უსუსურია უფროსის გარეშე. მიეცით მას პიროვნული თავისუფლება და გადაწყვეტილებების თავად მიღების შესაძლებლობა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არ საჭიროებს უფროსის ჩარევას. 

 

 

 

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? 
მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისათვის, თუ:

  • თუ შფოთვა ძალიან ინტენსიურია და ხელს უშლის ბავშვს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში - სკოლაში, სახლში, თანატოლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში.
  • თქვენ მიერ გამოყენებული სტრატეგიები არ ამართლებს და მდგომარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ უმჯობესდება ან უარესდება. 
Spread the love

Tell us what you think