ადრეული მათემატიკური უნარების განვითარება 

Boy doing some mathematical exercises

სანამ ბავშვები მათემატიკურ ცნებებს დაეუფლებიან, მნიშვნელოვანია, აითვისონ ე.წ.  წინამათემატიკური უნარები. 

 

რას მოიცავს წინამათემატიკური უნარები? 

  • ფორმებისა და ფერების გარჩევა- ბავშვს უნდა შეეძლოს საგნების აღწერა და მათი კატეგორიზება ძირითადი ფორმებისა და ფერების მიხედვით.  
  • პატერნების გარჩევა- პატერნი წარმოადგენს სხვადასხვა ელემენტის კომბინაციას, რომელიც გარკვეული კანონზომიერებითაა განლაგებული და მეორდება. პატერნი წარმოადგენს გამოსახულებას ან იდეას, რომელსაც განმეორებითი ხასიათი აქვს. ბავშვს უნდა შეეძლოს პატერნების ამოცნობა და  მათი შესაბამისად გაგრძელება.  
  • საგნების შედარება როგორც რაოდენობრივად (მეტისა და ნაკლების განსაზღვრა), ასევე სხვა ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით (წონა, სიგრძე და ა.შ.) 
  • ციფრების ცნების გაგება- ბავშვებს, ასევე მოეთხოვებათ არა მხოლოდ ციფრების დასახელებების ცოდნა, არამედ  იმის გაცნობიერებაც, რომ კონკრეტული ციფრი შეესაბამება კონკრეტული რაოდენობის საგანს. 

როგორც წესი, ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარება სკოლამდელ ასაკში ხდება, თუმცა, თუკი თქვენი შვილი სკოლაში სწავლობს და ჯერ სრულყოფილად არ დაუფლებია ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე უნარს, მნიშვნელოვანია მათზე მუშაობის გაგრძელება. 

 

როგორ შევუწყოთ ხელი წინამათემატიკური უნარების განვითარებას? 
გთავაზობთ რამდენიმე სავარჯიშოს, რომელიც წინამათემატიკური უნარების განვითარებას უწყობს ხელს:

სავარჯიშო N1: 

  • მიზანი: პატერნის ამოცნობა 
  • საჭირო მასალა:ლობიოს მარცვლები,  სხვადასხვა ფორმის ან ფერის მაკარონი ან/და სხვა მცირე ზომის საგნები.
  • სავარჯიშოს მიმდინარეობა: შექმენით რაიმე მარტივი პატერნი ზემოთ დასახელებული მასალის გამოყენებით. სთხოვეთ ბავშვს, დააკვირდეს და განსაზღვროს, თუ რა პრინციპითაა დალაგებული მოცემული ობიექტები, შემდეგ კი შეარჩიოს შესაბამისი საგანი პატერნის გასაგრძელებლად.  შეგიძლიათ, დაიწყო 2-3 ობიექტის კომბინაციით, შემდგომ კი გაართულოთ იგი.

სავარჯიშო N2

 

მიზანი: საგნების შედარება სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით
საჭირო მასალა: ყოველდღიური მოხმარების ნებისმიერი ნივთი, რომლის გამოყენებაც უსაფრთხო იქნება ბავშვისთვის. 
სავარჯიშოს მიმდინარეობა: სთხოვეთ ბავშვს, დააკვირდეს მის გარშემო არსებულ ნივთებს და შეარჩიოს რომელიმე მათგანი, შემდეგ კი იპოვოს რაიმე, რაც იქნება შერჩეულ ნივთზე, მაგალითად ფინჯანზე უფრო დიდი/პატარა, მძიმე/მსუბუქი და ა.შ.  ბავშვს შეუძლია, დაასახელოს ან უბრალოდ მიანიშნოს შესაბამის საგანზე. შეასრულეთ ეს სავარჯიშო სხვადასხვა ნივთის გამოყენებით.

სავარჯიშო N 3

 

  • მიზანი:  ციფრების ცნების გაგება  
  • საჭირო მასალა:  ბანქოს ბარათები
  • სავარჯიშოს მიმდინარეობა (გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი აქტივობა ბავშვის განვითარების დონის შესაბამისად):
  1. აჩვენეთ ბავშვს ბანქოს ორი ბარათი, დაასახელეთ ციფრი და სთხოვეთ, ხელი დაადოს იმ ბარათს, რომელიც თქვენს მიერ დასახელებულ ციფრს შეესაბამება. თუკი, ბავშვი ვერ შეასრულებს თქვენს ინსტრუქციას, თავად დაეხმარეთ - ფრთხილად მოკიდეთ ხელზე ხელი და სასურველ ბარათს დაადეთ. დაასახელეთ ციფრი ხმამაღლა და დაურთეთ წამახალისებელი კომენტარი : “ჩვენ ვიპოვეთ 4-იანი. ყოჩაღ!”
  2. აურიეთ ბანქოს ბარათები და დააწყვეთ ისე, რომ ჩანდეს ციფრებიანი მხარე. სთხოვეთ ბავშვს, თითით მიგანიშნოთ თქვენს მიერ დასახელებული ციფრზე.
  3. აურიეთ ბანქოს ბარათები და დააწყვეთ ისე, რომ ჩანდეს ციფრებიანი მხარე. თითო ჯერზე აირჩიეთ ერთი ბარათი და სთხოვეთ ბავშვს, დაასახელოს ციფრი, რომელიც გამოსახულია მასზე. 

სავარჯიშო N4
მიზანი: ციფრების ცნების გაგება
საჭირო მასალა: სათამაშო ბანქო, ლობიოს მარცვლები
სავარჯიშოს მიმდინარეობა (გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი აქტივობა ბავშვის განვითარების დონის შესაბამისად): 

  1. ამოიღეთ ბარათები სათითაოდ.  სთხოვეთ ბავშვს, ხმამაღლა დათვალოს ცალკეულ ბარათზე გამოსახული ფიგურები და დათვლის პარალელურად მოათავსოს თითოეულ მათგანზე ლობიოს მარცვალი.
  2. სთხოვეთ ბავშვს, დააკვირდეს ბანქოს ბარათებზე გამოსახულ ფიგურების რაოდენობას და თითოეული ბარათის ქვეშ  მოათავსოს შესაბამისი რაოდენობის ლობიოს მარცვალი. 
  3. შესთავაზეთ ბავშვს ლობიოს მარცვლების გამოყენებამდე დაალაგოს ბანქოს ბარათები მათზე გამოსახული ციფრების შესაბამისად, უმცირესიდან უდიდესის ან პირიქით- უდიდესიდან უმცირესი ციფრის მიმართულებით.
Spread the love

Tell us what you think