სასკოლო ზურგჩანთის ტარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
სკოლის მოსწავლეებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ- ყველა მათგანი სკოლაში ზურგჩანთით დადის, თუმცა იცოდით, რომ ზედმეტად მძიმე ზურგჩანთამ ან მისმა არასწორად ტარებამ, შესაძლოა ბევრი სირთულე გამოიწვიოს? მაგალითად, მხრებისა და ზურგის ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება მხრების არეში, მოხრილი პოზა ან კუნთების სისუსტე და ა.შ.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ ზურგჩანთის ტარებასთან დაკავშირებული ძირითადი რეკომენდაციები:
- ზურგჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის წონის 10 %-ს; მაგალითად, თუ ბავშვი 45 კგ - ს იწონის, ზურგჩანთის წონა 4.5 კგ-ზე მეტი არ უნდა იყოს.
- შედარებით მძიმე ნივთები, ბავშვის ზურგთან ახლოს- ზურგჩანთის საზურგის მხარეს ჩაალაგეთ, მსუბუქი კი - წინა მხარეს.
- დარწმუნდით, რომ ბავშვი სკოლაში და სახლში ატარებს მხოლოდ აუცილებელ ნივთებს, მათი ნაწილის დატოვება სკოლაშიც შეიძლება.
- თუ ზურგჩანთის წონა მაინც აჭარბებს რეკომენდებულს - შეარჩიეთ გორგოლაჭებიანი ჩანთა.
- მოუწოდეთ ბავშვს ზურგჩანთა ორივე მხრით ატაროს, რადგან ჩანთის ცალ მხარზე გადაკიდებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ერთ მხარეს დახრა, ტკივილი და დისკომფორტი.
- აირჩიეთ ისეთი ზურგჩანთა, რომელსაც მხრის სამაგრები კარგად დარბილებული აქვს.
- სახელურები მოარგეთ ისე, რომ ზურგჩანთა ახლოს იყოს ბავშვის ზურგთან. ზურგიდან თავისუფლად ჩამოკიდებულმა ჩანთამ შესაძლოა წაახალისოს ბავშვის უკან გადახრა და ასევე გამოიწვიოს კუნთების დაჭიმულობა.
- თუ ზურგჩანთას აქვს წელის ქამარი, ყოველთვის გამოიყენეთ, იგი ხელს შეუწყობს წონის თანაბრად გადანაწილებას.
- ზურგჩანთის ქვედა ნაწილი უნდა ეყრდნობოდეს ზურგის ქვედა მრუდს და ამასთან, არ უნდა იყოს 10 სმ-ზე მეტი მანძილით დაშორებული ბავშვის წელიდან.
გამაფრთხილებელი ნიშნები იმისა, რომ ზურგჩანთა ძალიან მძიმეა:
- უჭირს ზურგჩანთის გაკეთება და მოხსნა.
- აქვს ტკივილი ზურგჩანთის ტარების დროს.
- მხრების გასწვრივ, კანზე აღენიშნება სიწითლეები.
- ჩანთის ტარებისას აღენიშნება ცვლილება სხეულის პოზაში.
Spread the love
Tell us what you think