როცა ბავშვი კედლებზე ხატავს
ყველა მშობელს ერთხელ მაინც აღმოუჩენია ბავშვის მიერ შექმნილი ნამუშევარი სახლის კედელზე. ამგვარი ქცევა ხშირად გაღიზიანებას იწვევს და მშობლის მხრიდან რთულ ქცევად აღიქმება. თუმცა სინამდვილეში, კედელზე ხატვა ბავშვის ბუნებრივი, შემოქმედებითი კვლევის ნაწილია.
მცირე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჯერ სათანადოდ არ აქვთ განვითარებული სივრცითი უნარები, შეიძლება უჭირდეთ მცირე ზომის ფურცლის საზღვრებში დარჩენა, კედელი კი გაცილებით დიდ და უფრო მოსახერხებელ სივრცეს სთავაზობთ საკუთარი ფანტაზიის გამოსახატად.
მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად და თანმიმდევრულად ვასწავლოთ ბავშვებს სათანადო საზღვრების დაცვა, ისე, რომ შემოქმედებითი იმპულსების ჩახშობის ნაცვლად, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. ამისათვის:
- შესთავაზეთ ალტერნატივები – დიდი ზომის ფურცელი, დაფა ან კედელზე გაკრული ქაღალდი.
- თუ ბავშვს მაინც კედელზე ურჩევნია ხატვა, შეგიძლიათ გამოყოთ ერთი კედელი, რომელზე ხატვაც ნებადართული იქნება. შეიძლება ეს იყოს ბავშვის ოთახში ან იმ სივრცეში, სადაც ყველაზე ხშირად ხატავს. სახატავ მასალად შეარჩიეთ საბავშვო, მარტივად გასაწმენდი საღებავები.
- ხშირად შესთავაზეთ ხატვა და შესაბამისი მასალა. დაინტერესდით ხატვის პროცესით - დაუსვით კითხვები ნამუშევართან დაკავშირებით და გაუზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.
თუ ბავშვმა უკვე დახატა კედელზე:
- არ გაუბრაზდეთ, მშვიდად აუხსენით, რატომ არის ეს მიუღებელი;
- ჩართეთ ბავშვი კედლის გაწმენდის პროცესში, რათა ისწავლოს საკუთარ ქცევაზე და ქცევის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ეს პროცესი სახალისო უნდა იყოს და არ უნდა აღიქმებოდეს დასჯად;
- აჩვენეთ, სანაცვლოდ სად შეუძლია დახატვა;
- “გამოიჭირეთ” ბავშვი სასურველი ქცევის გამოვლენისას - შეაქეთ, როცა შესაფერის ადგილებს იყენებს ხატვისათვის.
Spread the love
Tell us what you think