როგორ მოვამზადო ჩემი შვილი ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის?
მშობლებს ხშირად აინტერესებთ თუ როგორ უნდა მოამზადონ შვილი ფსიქოლოგთან პირველი ვიზიტისთვის. ყველაზე ხშირად დასმული კითხვებია - „წინასწარ უნდა ვუთხრა ჩემს შვილს ვიზიტის შესახებ? რა ინფორმაცია უნდა გავუზიარო? რა მოხდება, თუ ჩემი შვილი უარს იტყვის ვიზიტზე?”. ინფორმაციის მიწოდებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბავშვი განსხვავებულად რეაგირებს. რეაგირების ტიპზე ხშირად გავლენას ახდენს ასაკი, განვითარება და პიროვნული ნიშნები. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინება ვიზიტის წინ სტრესს და უსიამოვნებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
- ინფორმაციის გაზიარებისთვის შეარჩიეთ მშვიდი დრო - თუ ამ ინფორმაციას სტრესული დღის ბოლოს მიაწვდით, ამან შესაძლოა თქვენი შვილი კიდევ უფრო შეაშფოთოს და ნეგატიური განწყობა შეექმნას.
- საუბრისას თქვენ თვითონ შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა - აუხსენით თქვენს შვილს, რომ ვიზიტის მიზეზი არის ის, რომ დაეხმაროთ მას „უკეთესად იგრძნოს თავი“ და არა იმაზე აქცენტის გაკეთება „რაც არასწორია ან კარგად არ გამოსდის“.
- უთხარით თქვენს შვილს, რომ დახმარების მიღება მისაღებია - ზოგიერთ ბავშვს შეიძლება სირცხვილის და უხერხულობის გრძნობა გაუჩნდეს. უთხარით თქვენს შვილს, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარების მოძიება ნორმალური და ჯანსაღია პროცესია და თქვენ, როგორც მშობელი, ამ პროცესში მის გვერდით ხართ.
- გამოკითხეთ თქვენს შვილს მისი გრძნობების შესახებ - უმჯობესია დაუსვათ ღია შეკითხვები. მაგალითად, ნაცვლად იმისა ჰკითხოთ - ”ხომ არ გეშინია ფსიქოლოგთან მისვლის?”, ჰკითხეთ - „გამიზიარე რას გრძნობ ამ ვიზიტის შესახებ?“
- კითხვებზე პასუხის გასაცემად იყავით მზად - ზოგიერთ ბავშვს აინტერესებს, რა ელოდება ვიზიტისას. სწორი და ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ძალიან დამხმარე იქნება შფოთვის შესამცირებლად. რადგან, როგორც წესი, გაურკვევლობა იწვევს შფოთვის მომატებას.
- თქვენს შვილთან ერთად დაგეგმეთ რა შეიძლება წამოიღოს თან შეხვედრაზე - მაგალითად, მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში ვიზიტის დროს მისი საყვარელი სათამაშოს ან წიგნის ქონა დაეხმარება თქვენს შვილს თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს უცხო გარემოში.
- უთხარით თქვენს შვილს, რომ შეხვედრის დროს მასთან ერთად იქნებით - მცირეწლოვან ბავშვებს ხშირად აწუხებთ მშობლებისგან განცალკევება. ეს ინფორმაცია დაეხმარება თქვენს შვილს თავი უფრო მშვიდად იგრძნოს.
Spread the love
Tell us what you think