რატომაა ზოგიერთი ბავშვი მორცხვი?

350

სიმორცხვე მცირეწლოვანი ბავშვების გავრცელებული მახასიათებელია. მათი უმეტესობა ახალ გარემოში მოხვედრისას ხშირად შფოთავს, ეკვრის მშობელს, მაგრამ მცირე დროის შემდეგ, როდესაც გააცნობიერებენ, რომ გარემო უსაფრთხო და საინტერესოა, აქტიურად იწყებენ მის გამოკვლევას ან ერთვებიან შეთავაზებულ აქტივობებში. ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში, სიმორცხვე ასაკის მატებასთან ერთად არ მცირდება და ახალი გარემო თუ უცნობ ადამიანებთან შეხვედრა მათთვის გამოწვევად რჩება. ასეთ შემთხვევაში ვსაუბრობთ სიმორცხვეზე, როგორც პიროვნულ ნიშანზე და არა განვითარების თავისებურებაზე.
 
აღსანიშნავია, რომ სიმორცხვე არ არის იგივე, რაც ინტროვერსია. სიმორცხვეს საფუძვლად უდევს შიში, შფოთვა და ნეგატიური მოლოდინი. მორცხვი ადამიანი სოციალურ სიტუაციებს თავს არიდებს, რადგან ეშინია, რომ ვერ გაართმევს მათ თავს. ინტროვერტი ადამიანები კი თავად ირჩევენ მარტო ყოფნას ან დროის მეგობრების ვიწრო წრეში გატარებას, რადგან სწორედ ასე იმუხტებიან და აღიდგენენ ენერგიას. ეს მათი სურვილი და არჩევანია.

მიჩნეულია რომ სიმორცხვეს ბიოლოგიური და გარემო ფაქტორების კომბინაცია განაპირობებს. მათ შორისაა:
 
თანდაყოლილი ტემპერამენტი: ბიოლოგიური ფაქტორებიდან წამყვანია ბავშვის თანდაყოლილი ტემპერამენტი. ტემპერამენტი განსაზღვრავს იმას, თუ რა რეაქცია აქვს ბავშვს ახალ სტიმულაციაზე და ასევე, როგორ არეგულირებს საკუთარ რეაქციებს.  
როგორც აღმოჩნდა, ბავშვების ნაწილი მიდრეკილია იმისკენ, რომ სიახლეზე ნეგატიური რეაქცია ჰქონდეს, ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან სიახლეების მიმართ და სამყაროს უფრო სახიფათოდ და არაპროგნოზირებადად აღიქვამენ.
სელექციური ყურადღება: ტემპერამენტთან ერთად, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ის, თუ როგორ გადაამუშავებს ბავშვი გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მორცხვი ბავშვები ხშირად ყურადღებას ამახვილებენ სოციალური სიტუაციის სახიფათო ან ნეგატიურ ასპექტებზე, მაგალითად, შეიძლება იფიქრონ, რომ სხვების სიცილი მათკენ მიმართული დაცინვაა.
კულტურა: სიმორცხვე შეიძლება დასწავლილ ქცევასაც წარმოადგენდეს, რადგან თავშეკავებულობა დადებით თვისებად მიიჩნევა ზოგიერთ საზოგადოებაში, თემსა თუ ოჯახში.
ნეგატიური გამოცდილება: ბავშვმა სიმორცხვე შეიძლება გამოავლინოს ისეთ ნეგატიურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საპასუხოდ, როგორიცაა დაცინვა ან ბულინგი. იგი თითქოს უკან იხევს და საკუთარ თავში იკეტება თავდაცვის მიზნით.
სპეციალისტები ხშირად ცდილობენ გამიჯნონ ტემპერამენტით, კულტურული ფაქტორებითა და უსიამოვნო სიტუაციებზე საპასუხოდ გამოვლენილი სიმორცხვე ერთმანეთისგან. ბავშვებს, რომლებსაც ტემპერამენტით განპირობებული სიმორცხვე ახასიათებთ, განსაკუთრებით სჭირდებათ მშობლების მხარდაჭერა, რადგან მათ დაახლოებით 40-60%-ს მოზარდობის ასაკიდან აწუხებთ სოციალური შფოთვა.

როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს?
თუ ბავშვი სიმორცხვის მიუხედავად მაინც წარმატებით ართმევს თავს ასაკის შესაბამის მოთხოვნებს, მაშინ სანერვიულოც არაფერია, მაგრამ თუკი სიმორცხვე მნიშვნელოვნად უშლის ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ მას დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება. ამ პროცესში მთავარია ზომიერების დაცვა, რომ ბავშვი არც პირდაპირ „ღრმა წყალში“ გადავაგდოთ, რომ „ცურვის“ შეეშინდეს, თუმცა არც სოციალური სიტუაციებისთვის თავის არიდება წავახალისოთ. გაითვალისწინეთ, რომ მორცხვი ბავშვები ყველაზე კარგად უმკლავდებიან სიტუაციას, როდესაც ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას - მოუყევით სად მიდიხართ, ვინ დახვდებათ იქ და რა აქტივობებია დაგეგმილი. შეგიძლიათ სხვადასხვა სცენარი წინასწარ გაითამაშოთ და წაახალისოთ ბავშვი, რომ ეტაპობრივად გადალახოს მისთვის შფოთვის მომგვრელი სიტუაციები.   
სიმორცხვის უპირატესობები
აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ სიმორცხვე სოციალური შფოთვის ჩამოყალიბების რისკს ზრდის, მას უპირატესობებიც ახლავს თან. კერძოდ, ასეთი ბავშვები ხშირად მოქმედების დაწყებამდე ყურადღებით აკვირდებიან და აანალიზებენ სიტუაციას. დეტალებზე ორიენტაცია და სიტუაციის ანალიზი კი ღირებული ნიშან-თვისებებია განსაკუთრებით ისეთი სფეროებისთვის, როგორებიცაა მეცნიერება, ინჟინერია და ბუღალტერია. შესაბამისად, ტემპერამენტი ყოველთვის ბარიერი არ არის, შესაბამის სიტუაციაში იგი ადამიანის ძლიერ მხარედაც შეიძლება ჩაითვალოს.
 
 

Spread the love

Tell us what you think