ოჯახთან ერთად გატარებული დროის მნიშვნელობა ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

mother-father-playing-puzzle-pieces-with-their-daughter

დატვირთული სამუშაო გრაფიკისა თუ სხვა ვალდებულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია მშობლებმა ყოველდღიურად თუნდაც მცირე დროის გამოყონ, რომელსაც ბავშვებთან ხალისით, მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გაატარებენ. ეს დადებითად აისახება მშობელსა და შვილს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ზრდის ბავშვებში თავდაჯერებულობას, მედეგობას და განცდას, რომ ისინი მართლაც ღირებულნი არიან ოჯახის წევრებისთვის.  

ასეთი ერთობლივი აქტივობები სულაც არ არის აუცილებელი რაიმე ხარჯებთან ან სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. უფრო მეტიც, ამის გაკეთება უკვე არსებული, ყოველდღიური რუტინის ნაწილად შეგიძლიათ აქციოთ, მაგალითად:

  • ერთად დასხედით მაგიდასთან: თქვენი ოჯახის წევრების განრიგიდან გამომდინარე, ეცადეთ საუზმე ან დღის განმავლობაში სხვა კვება ერთსა და იმავე დროს დაგეგმოთ. მოერიდეთ ამ დროს ტელეფონების ან სხვა ტექნიკის გამოყენებას. ამის ნაცვლად აქცენტი გააკეთეთ ერთმანეთთან ინტერაქციაზე. ისაუბრეთ დღის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან ან დასამახსოვრებელ მომენტებზე ან დაგეგმეთ მომავალი დღე ან კვირა. თუკი სამსახურეობრივი გრაფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მაგიდასთან ერთად შეკრება შეუძლებელია, დაგეგმეთ ეს აქტივობა შაბათ-კვირას. 
  • ითამაშეთ სამაგიდო თამაშები: ბანქო, „მონოპოლი“ და სხვა მსგავსი თამაშები სახალისოა ყველა ასაკის ადამიანისთვის. 
  • იკითხეთ ერთად: წაუკითხეთ მცირეწლოვან ბავშვებს, უფროსებს კი სთხოვეთ თავად წაგიკითხონ რომელიმე ამონარიდი იმ წიგნიდან, რომელსაც მოცემულ ეტაპზე კითხულობენ. ისაუბრეთ წაკითხულის შესახებ
  • დაესწარით ან მიიღეთ ერთობლივი მონაწილეობა ამა თუ იმ ღონისძიებაში: ეს შეიძლება იყოს გამოფენა, საქველმოქმედო ღონისძიება და სხვა.  
  • დაგეგმეთ მხიარული საღამო: ერთად მოუსმინეთ მუსიკას, იმღერეთ კარაოკე, იცეკვეთ ან უყურეთ ფილმს, რომელიც ბავშვების ასაკის შესაბამისი იქნება. 
  • ჩაერთეთ ერთობლივ ფიზიკურ აქტივობებში: შეიძლება ორგანიზებულ თამაშებს გულისხმობდეს ან უბრალოდ საღამოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გასეირნებით შემოიფარგლოს.  

ეს შესაძლო აქტივობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად ჩამოწეროთ და დაგეგმოთ აქედან რომელიმე ან თავად თქვენი მოფიქრებული სხვა აქტივობა. ამ შემთხვევაში მთავარია გამოავლინოთ მაქსიმალური თანმიმდევრულობა და ერთობლივი აქტივობები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციოთ. 

Spread the love

Tell us what you think