ნატიფი მოტორული უნარების განვითარებაზე მიმართული აქტივობები

silbiling-playing-together-their-room

ნატიფი მოტორული უნარების განვითარებაზე მიმართული აქტივობები ბავშვს ხელის კუნთების განვითარებასა და გაძლიერებაში ეხმარება, რაც თავის მხრივ აუცილებელია ისეთი ყოველდღიური აქტივობების შესასრულებლად, როგორიცაა მაგალითად კალმის ან ფანქრის ხელით ჭერა, მაკრატლის გამოყენება, კბილების გახეხვა, თასმების შეკვრა-გახსნა და სხვა. 
გთავაზობთ რამდენიმე სავარჯიშოს, რომელთა გამოყენებაც სახლის პირობებშიც შეგიძლიათ: 

 

 

სათამაშო ცომი
სათამაშო ცომით თამაშისას ბავშვი იღებს შეგრძნებით გამოცდილებას და ამავე დროს ვარჯიშობს ნატიფი მოტორული უნარების გამოყენებაში. სთხოვეთ ბავშვს გააბრტყელოს და ბავშვებისთვის უსაფრთხო, სპეციალური დანით დაჭრას ცომი ან დაანაწევროს იგი ცერისა და საჩვენებელი თითის გამოყენებით. შეგიძლიათ ცომში 
მცირე ზომის საგნები, მაგალითად მონეტები ან ღილები დაუმალოთ და სთხოვოთ მათი მოძებნა და ქილაში მოგროვება. 

თამაში მაკარონით: 
მაკარონებით ბევრი სახალისო თამაშის მოფიქრება შეიძლება, მაგალითად:

  • სთხოვეთ ბავშვს მაკარონების ძაფზე ჩამოცმა და მათგან ყელსაბამის გაკეთება
  •  გრძელი მაკარონის რამდენიმე ჩხირი პლასტელინში ან სათამაშო ცომში ჩაამაგრეთ და სთხოვეთ ბავშვს მათზე სხვადასხვა ფერის მაკარონი ჩამოაცვას.  

ფურცლები, მუყაო და საწრუპები: 

  • გამოჭერით სახე მუყაოს ქაღალდისგან, გაუკეთეთ წვრილი ნახვრეტები და სთხოვეთ ბავშვს რბილი საწრუპების ან ბუსუსიანი მილების გამოყენებით გაუკეთოს თმა გამოჭრილ ფიგურას. 
  • ნატიფი მოტორული უნარის განვითარების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ფურცლების ამოხევა და მათგან ფიგურების გამოჭრაა. წაახალისეთ ბავშვი ჯერ მაკრატლის გამოყენების გარეშე ამოხიოს ფერადი ფურცლები, შემდეგ კი გამოჭრას და დააწებოს სხვადასხვა ფიგურა მუყაოზე. 

სარჭებით თამაში:
ნატიფი მოტორული უნარების განვითარების გარდა, ხელს უწყობს თითებისა და ხელის კუნთების გაძლიერებას და თვალისა და ხელის კოორდინაციის გაუმჯობესებას. წაახალისეთ და ჩართეთ ბავშვი ე.წ. ფუნქციურ აქტივობებში- სთხოვეთ დაგეხმაროთ სარეცხის გაფენის პროცესში, ან შესთავაზეთ სარჭების მუყაოზე დამაგრება ფერების მიხედვით.

 

კოვზით თამაში: 
კოვზით თამაში ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კოვზის დამოუკიდებლად გამოყენების სწავლებისთვის. ჩართეთ ბავშვი ისეთ აქტივობებში, რომლებიც კოვზის საშუალებით მცირე ზომის საგნების, მაგალითად ბურთების, ერთი კონტეინერიდან მეორეში გადატანას ან  წყლის გადასხმას მოითხოვს.  

Spread the love

Tell us what you think