ინტროვერტი ბავშვი

Portrait of a little girl with a teddy bear on a blurred background in the interior of the room.

ინტროვერსია ერთ-ერთი ბაზისური პიროვნული ნიშანია, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის მიერ სამყაროს აღქმასა და სამყაროსთან ინტერაქციის სტილზე. მაშინ, როდესაც ბავშვების გარკვეული ნაწილი ისწრაფვის სოციალური სიტუაციებისაკენ, ინტროვერტი ბავშვისათვის ასეთი გარემო შესაძლოა დამღლელი და გამომფიტველი იყოს. 


აქვე უნდა  გვახსოვდეს, რომ ინტროვერსია წარმოდგენს არა კატეგორიალურ ნიშანს, რომელიც ბავშვს აქვს ან არ აქვს, არამედ კონტინუუმს, რომლის ორი საპირისპირო მხარე აღნიშნავს ინტროვერსიის დაბალ და მაღალ მაჩვენებელს. როდესაც ვსაუბრობთ, ინტროვერტ ბავშვზე, ვგულისხმობთ ბავშვს, ინტროვერსიის მაღალი დონით.


 

ინტროვერსია არ არის არჩევანი ან დამოკიდებულება, ის ადამიანის პიროვნების ფუნდამენტური ასპექტია. არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ინტროვერტებს თანდაყოლილი მარტოსულობა და ასოციალურობა ახასიათებთ, თუმცა სინამდვილეში, ინტროვერტი ადამიანებს უფრო მაღალი მგრძნობელობა აქვთ სოციალური სტიმულებისადმი. 
აღსანიშნავია, რომ ინტროვერსია არ ნიშნავს  სიმორცხვეს. მორცხვი ბავშვი სოციალური ურთიერთობის დამყარებას შიშისა და შფოთვის გამო ერიდება, ინტროვერტი ბავშვისათვის კი ამის მიზეზი სურვილის არ არსებობა ან ამ ურთიერთობით გამოწვეული გადაღლის თავიდან არიდებაა. სიმორცხვისგან განსხვავებით, ინტროვერსია პიროვნების ნაწილია და მისი შეცვლა არ ხდება.
Მნიშვნელოვანია, მშობლები იცნობდნენ და პატივს სცემდნენ იმ მახასიათებლებს, რომელიც შესაძლოა გამოარჩევდეს მათ ინტროვერტ შვილს  თანატოლებისაგან. კერძოდ, ინტროვერტი ბავშვი:

  • შესაძლოა მეტ დროს ატარებდეს მარტო და ჰყავდეს რამდენიმე,  მაგრამ ახლო მეგობარი; 
  • გამოირჩევა მდიდარი შინაგანი სამყაროთი, მოსწონს კითხვა, ხატვა, განმარტოებით თამაში;
  • შეიძლება იყოს უფრო ჩუმი, თუმცა ცნობისმოყვარე და სვამდეს სიღრმისეულ კითხვებს;
  • Სოციალურ სიტუაციებში, აკვირდება და ფიქრობს სანამ იმოქმედებს; 
  • საჭიროებს დროს, საკუთარი თავის წარმოსაჩენად;
  • ამჯობინებს ხანგრძლივ საუბარს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე, ვიდრე ხანმოკლე საუბარს უმნიშვნელო, ყოველდღიურ საკითხებზე;
  • ამჯობინებს მუშაობას მცირე ჯგუფში ან ინდივიდუალურად; 
  • ჭარბი სოციალური ინტერაქციის შემდეგ, შესაძლოა საჭიროებდეს დროს განტვირთვისა და  და ძალების აღდგენისთვის; 

ინტროვერტი ბავშვისთვის ძალდატანებამ, რომ ჩაერთოს სოციალურ ინტერაქციაში, შეიძლება გაზარდოს სტრესისა და გაღიზიანების დონე, რამაც შესაძლოა უბიძგოს  მსგავსი სიტუაციებისთვის თავის არიდებისკენ. ამიტომ, მიეცით ბავშვს საშუალება, რომ თავად განსაზღვროს მეგობრების რაოდენობა და მათთან გატარებული დროის ხანგრძლივობა.

Spread the love

Tell us what you think