ბავშვის პრობლემური ქცევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
მცირეწლოვან ასაკში ბავშვების გარკვეული ნაწილი არასასურველ ქცევას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ავლენს, მაშინ როდესაც მსგავსი ქცევა სახლის გარემოში არ ვლინდება.
მიზეზები:
საჯარო სივრცეში ბავშვის ქცევის გაუარესება რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული:
-
- ბავშვს საჯარო სივრცეში ყოფნის მწირი გამოცდილება აქვს. ამასთანავე, შესაძლოა არ ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ქცევის გამოვლენა არის მისაღები კონკრეტულ გარემოში, რაც იწვევს შფოთვას და ზრდის პრობლემური ქცევების გამოვლენის ალბათობას.
-
- ემოციების რეგულაციის სირთულე: მცირეწლოვან ბავშვებს უჭირთ იმპულსის კონტროლი, საკუთარი ემოციების ამოცნობა და სახელდება და მათი სოციალურად მისაღები გზებით გამოხატვა. მაგალითად, მაღაზიაში სასურველი ნივთის დანახვისას, ბავშვის დაუყოვნებლივ სურს მისი მიღება, უარის მიღების შემთხვევაში კი აღმოცენებული იმედგაცრუების, ბრაზისა თუ სხვა ემოციების სათანადოდ მართვა.
-
- პრობლემური ქცევის განმტკიცება: ჩვეულებრივ, მშობლების დიდი ნაწილი საჯარო სივრცეში ბავშვის მიერ პრობლემური ქცევის გამოვლენისას, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ცდილობს ბავშვის სურვილის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას. მაგალითად, მაღაზიაში ბავშვის მიერ სასურველი ნივთის ტირილით, ყვირილით და სხვა, სოციალურად მიუღებელი ფორმით მოთხოვნისას, ყიდულობს მას. შედეგად ბავშვი დაისწავლის მსგავს ქცევას და მომავალში, სასურველის მიღების მიზნით კვლავ შეიძლება გამოვლინოს იგი.
რეკომენდაციები:
- მიეცით ბავშვს სწავლის შესაძლებლობა: მშობლების გარკვეული ნაწილი საჯარო სივრცეში ბავშვის მიერ გამოვლენილი პრობლემური ქცევის საპასუხოდ, თავს არიდებს ბავშვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წაყვანას. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში მაღალია ალბათობა ბავშვმა პრობლემური ქცევა გამოავლინოს, ეს ის ადგილია, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვს მისაღები ქცევა ასწავლოთ. თუკი თქვენ არასასურველი გამოცდილება გქონდათ მაღაზიაში ან ექიმთან ვიზიტისას, მნიშვნელოვანია არ აარიდოთ თავი იგივე გარემოში განმეორებით ვიზიტს. ამის ნაცვლად წინასწარ დაგეგმეთ იგი.
- დაიწყეთ მზადება სახლის გარემოში როლური თამაშის მეშვეობით. გაითამაშეთ მაღაზიის ან კაფის სცენარი, აჩვენეთ ბავშვს მისაღები ქცევის მაგალითი და შემდეგ სთხოვეთ თავად შეასრულოს იგი.
- შეიმუშავეთ წესები, გააცანით ბავშვს და შეახსენეთ მაღაზიაში შესვლისას. მაგალითად, „მაღაზიაში ყოფნისას დედას გვერდით მივყვები.” საწყის ეტაპზე სასურველია მცირე დრო (5-10 წუთი) დაჰყოთ მაღაზიაში და წაახალისოთ ბავშვის მიერ გამოვლენილი სასურველი ქცევები. მაგალითად, თუკი ბავშვი მშვიდად იქნება თქვენს გვერდით, რითიც შეასრულებს შეთანხმებულ წესს, ის მიიღებს ერთ სტიკერს და გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემდეგ, საშუალება ექნება მისთვის სასურველ ნივთსა თუ აქტივობაში გადაცვალოს. ხანმოკლე ვიზიტისას, სასურველ ქცევებზე დროულად რეაგირებით, მეტად არის შესაძლებელი არასასურველი ქცევის გამოვლენის თავიდან არიდება, რაც ბავშვს წარმატების განცდას გაუჩენს.
Spread the love
Tell us what you think